თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

გიორგი ხუბაშვილის სტატია

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა პრობლემები საქართველოში

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა პრობლემებით დაინტერესებულს, პირველ რიგში, თვალში მომხვდა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის სიმწირე. შესაბამისად უპირველეს პრობლემად აღნიშნული ჯგუფისადმი სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო ყურადღების გამოვლენას მივიჩნევ. ჩემს ნაშრომში ძირითადად ვეყრდნობი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს, რომლებიც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალთა პრობლემებსა და საჭიროებებზე გარკვეულ წარმოდგენებს გვიქმნის. გარდა ამისა, გამოვკვეთ სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის მხრიდან იმ წინგადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც ბოლო წლებში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალთა საზოგადოებაში ინტეგრაციასა და  ჩართულობას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

უკანასკნელი კვლევები, რომელთა მოძიებაც შევძელი და რომლებიც კონკრეტულად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალბატონების მდგომარეობას ასახავს, 2013-2017 წლებით თარიღდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის და სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების 78 %- ს პროფესია არ გააჩნია. მათი უმრავლესობა ქართულად საუბარს, კითხვასა და წერას ვერ ახერხებს. საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა მეოთხედი ქართულად ვერც წერს და ვერც კითხულობს, მსგავსი უნარები მხოლოდ ქალების 9,2 %-ს გააჩნია.

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების უმრავლესობა უმაღლესი განათლების მიღებას ვერ ახერხებს. მათი 22,2 % ცხოვრებაში ერთხელ მაინც აწყდება სამართლებრივ პრობლემებს. ძირითადად საუბარია განქორწინებასთან, უძრავი ქონებისა და ოფიციალური დოკუმენტების მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. საქართველოს კანონმდებლობა უმცირესობის წევრი ქალბატონების  41 %-ისთვის მშობლიურ ენაზე ხელმისაწვდომი არ არის. რაც შეეხება ქალბატონების სოციალურ-ეკონომიკურ ჩართულობას, მათი უდიდესი ნაწილი დაუსაქმებელია. დასაქმებული ქალბატონების უმრავლესობა სახელმწიფო სექტორში, კერძოდ კი საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწეობს. მათი ყოველთვიური ანაზღაურება კი კატასტროფულად დაბალია და 50-დან 200 ლარამდე მერყეობს. უმცირესობის წარმოამდგენელ ქალთა უმეტესობა თვითდასაქმებულია. გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით მათი ინფორმირებულობის დონე საკმაოდ დაბალია და იკვეთება ინდიფერენტული დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაძლო ცვლილებების განხორციელებასთან მიმართებაში.

სოფლად მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალბატონებს აქვთ ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის პრობლემები. უმეტესობა გამოკვეთს სასმელი წყლის, ბუნებრივი აირისა და შესაკეთებელი გზების პრობლემებს. კვლევებით დასტურდება, რომ ოჯახის წყლით მომარაგება საკმაოდ შორი მანძილებიდან სწორედ ქალბატონებს უხდებათ და არა მამაკაცებს. ქალების აბსოლუტური უმრავლესობა საუბრობს ქალთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების სიმწირეზე და მისი ხელმისაწვდომობის პრობლემაზე, ასევე გამოკვეთენ უფრო ხელმისაწვდომი განათლების საჭიროებასაც. ქალბატონების უმრავლესობა პასიურად არის ჩართული პოლიტიკურ და სამოქალაქო აქტივობებში. ისინი ღიად საუბრობენ ინფორმაციის ნაკლებობასა და განათლების დაბალ დონეზე, რაც მათ ხელს უშლით სკეპტიციზმის გარეშე უყურონ პოლიტიკურ პროცესებს და გააცნობიერონ ქალბატონების როლი აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით.

ოჯახური ურთიერთობების, ქორწინებისა და საკუთრების უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალბატონები ჩვეულებით სამართალს არიან მინდობილები და მათი ეთნოსისთვის დამახასიათებელი კულტურული ადათ-წესებით ხელმძღვანელობენ.

აღნიშნული კვლევები ძირითადად კახეთსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ჩატარდა, ასევე ბოშათა თემის აბსოლუტურად ყველა დასახლებასა და მარნეულის მუნიციპალიტეტში. გამოკითხულთა შორის არიან ოსი, ავარი, ქისტი, უდი, რუსი, სომეხი და აზერბაიჯანელი ქალები, ასევე ბოშები და თურქი მესხები. როგორც უკვე ავღნიშნე, თითოეული ჯგუფის წარმომადგენელ ქალებს აერთიანებთ საერთო პრობლემატიკა, რომელთა შორის უმთავრესია სამოქალაქო ჩართულობის, განათლების ხელმისაწვდომობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები, რაც უპირველესად ინფორმაციის ნაკლებობითა და განათლების დაბალი დონით აიხსნება.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ჩატარებული კვლევებით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შემდეგ ცხადი გახდა, რომ პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელოვანი ზრდა არ მომხდარა. 64 საკრებულოდან 22-ში მაჟორიტარული წესით არცერთი ქალი არ აურჩევიათ. კვლევამ ასევე გამოავლინა,რომ პოლიტიკური პარტიების შესახებ ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების ხარისხი ძალიან დაბალია. მათთვის ინფორმაციის მთავარ წყაროს რუსული საინფორმაციო საშუალებები წარმოადგენენ, რის გამოც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ხშირად მცდარი წარმოდგენა უყალიბდებათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ცესკოში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ეთნიკური უმცირესობის საკითხებზე მუშაობს. აღნიშნულ ჯგუფში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენაზე ინფორმაციის მიწოდება და მათი წარმომადგენელი ქალების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის გაზრდა განიხილება. ცესკოს სატელეფონო-საინფორმაცო ცენტრში ახალი სერსვისები დაინერგა, რომელთა მეშვეობითაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე შეძლებენ.

2018 წლის სექტემბერში ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის „ქალების, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვის ხელშეწყობის“ ფარგლებში ოჯახური ძალადობის, იძულებით ქორწინებისა და ქონების გადაცემის საკითხებთან დაკავშირებით ქალბატონებს იურიდიული დახმარება გაეწიათ. ცენტრმა რამდენიმე პრობლემატიკა გამოკვეთა, მათ შორისაა: დაზარალებული ქალბატონებისთვის სტატუსის დროულად მინიჭების პრობლემა, ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა კვალიფიკაციისა და ეფექტური რეაგირების პრობლემა. ცენტრის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქალბატონების მიმართვიანობა სამართალდამცავი ორგანოებისადმი გაცილებით გაიზარდა, რაც მათი ცნობიერების ამაღლებასთან არის დაკავშირებული, თუმცა ,როგორც ანგარიშშივეა აღნიშნული, გატარებული ღონისძიებები საკმარისი არ არის და ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს.

წინგადადგმულ ნაბიჯად მივიჩნევ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გატარებულ რეფორმასაც, რომლის მიხედვითაც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხებზე მუშაობა მაუწყებლისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელდა. 2017 წელს მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა უმცირესობებთან თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერა ხელი. განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის მშობლიურ ენაზე ხელმისაწვდომობაზე გამახვილდა. შედეგად ვებ-პლატფორმა 7 ენაზე გახდა ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მონაწილე თითქმის ყველა კანდიდატს აქვს თავისი გამოკვეთილი ხედვა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით და თითოეული მათგანი მათი ფუნდამენტური უფლებების დაცვას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სახავს.

ჩემს ნაშრომში შევეცადე შეძლებისდაგვარად მოკლედ გადმომეცა ის პრობლემატიკა, რომელიც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს და უმეტესად ქალბატონებს აწუხებთ. ასევე ვისაუბრე სახელმწიფოს მხრიდან გატარებულ იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომლებიც მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკური უმცირესობებისადმი გულგრილობა ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკისთვის დამახასიათებელი ნაკლებად არის, პირიქით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი უფლებების დაცვა ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტსაც წარმოადგენს, სრულყოფილებისგან მაინც ძალიან შორს ვართ. განსაკუთრებით ეს ეხება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა უფლებებსა და პრობლემებზე მუშაობის საკითხებს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კვლევების სიმწირე და ინფორმაციის დეფიციტი აშკარად ავლენს იმ ხარვეზებს, რომლებიც სახელმწიფო სექტორს უმცირესობების პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი აღმოფხვრის პოლიტიკაში აქვს. 

დასკვნის სახით, მსურს, ყურადღება გავამახვილო, იმ ნაბიჯებსა და სტრატეგიებზე, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების ქალთა საჭიროებებისა და პრობლემების გამოკვეთასა და მათზე ადეკვატურ რეაგირებას შეუწყობს ხელს. პირველ რიგში, აუცილებელია, ყურადღება გამახვილდეს უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა განათლების დონის ამაღლებაზე. რაც უპირველესად ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლებითა და წერა-კითხვის ელემენტარული უნარების განვითარებით მიიღწევა. აუცილებელია, ამ კუთხით უფრო მეტი მუშაობა, რათა ქალბატონებს, რომლებიც უმეტესად უპროფესიოდ ცხოვრობენ და სოციალურად პასიურები არიან, საშუალება მიეცეთ, საშუალო განათლების მიღების შემდგომ სწავლა უნივერსიტეტებში განაგრძონ. სხვა და სხვა ენაზე ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ქართული ენის არცოდნა ის უმთავრესი ბარიერია, რომელიც ხელს უშლის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალბატონებს იყვნენ მეტად ჩართულები პოლიტიკურ ცხოვრებაში, საზოგადოებრივ საქმიანობებსა და აქტივობებში. მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლებების დონეზე გენდერულ საკითხებზე მუშაობის გაძლიერება და ქალების ჩართულობის უზრუნველყოფა. სასურველია რეგიონებში პროფესიული სასწავლებლების გახსნა, რომლებიც უმცირესობების წარმომადგენელ ქალბატონებს დასაქმების შესაძლებლობებს მისცემდა. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, მიმაჩნია, რომ განათლების ხელმისაწვდომობის, ენის ბარიერისა და ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემების გადაჭრით, უმცირესობის წარმომადგენელ ქალბატონების ბრძოლისუნარიანობას გავზრდით, რათა მათ თავადვე მოახერხონ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა და საკუთარი პრობლემების იდენტიფიცირება. აუცილებელია, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს მათ ინდივიდუალურ განვითარებას და განათლების დონის ამაღლებას.

 

ავტორი:გიორგი ხუბაშვილი

დაბა სიონის საჯარო სკოლა, მე-12 კლასი.