სამყარო ჩვენს გარშემო ყოველდღიურად იცვლება - გარემო პირობები, კლიმატი, სოციალური ვითარება, ეკოლოგიური მდგომარეობა, ბუნებრივი რესურსების მარაგი - თითოეული დღე ახალ გამოწვევებს გვთავაზობს. შესაბამისად, უკანასკნელ წლებში სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა მოსახლეობისათვის საფრთხის შემცველი პროცესების შესწავლას, პრევენციული ღონისძიებების გატარებას, მოსახლეობის ცოდნის ამაღლებას ამა თუ იმ მოვლენისგან თავის დასაცავად.
თსუ საბავშვო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ პროექტს, რომლის მიზანია ხელი შევუწყოთ სკოლებში სტიქიური თუ სოციალური მასშტაბური პროცესების შემსწავლელ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების („ამკლ“, Junior Researchers Club - JRC), ჩამოყალიბებას, ახალგაზრდებში კვლევის, მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივებას, ცნობიერების ამაღლებას, პირადი პასუხისმგებლობის, ინიციატივის, გუნდური მუშაობის ჩვევების ჩამოყალიბებას.
ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის მიზნები და ამოცანები იქნება საფრთხის შემცველი პროცესების პროფილაქტიკის, მართვის და/ან მათგან თავდაცვის მეთოდების შესახებ არსებული ცოდნის საზოგადოებაში გავრცელება, აგრეთვე, შეძლებისდაგვარად, მარტივი დაკვირვებითი და კვლევითი მუშაობის ჩატარება.
თსუ საბავშვო უნივერსიტეტი კლუბს საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე სატანადო საკონსულტაციო დახმარებას გაუწევს, იქნება ეს ინფორმაციის მოძიება, კვლევითი სამუშაოს დაგეგმვა, პროცესების მონიტორინგი თუ სხვა.
ჩვენი რეკომენდაციაა, კლუბებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ადგილობრივ აქტუალურ პრობლემებს, მათ აღწერას, დაკვირვებას, შესწავლას, პრევენციული ღონისძიებების შესახებ მოსახლეობაში სათანადო ცოდნის გავრცელებას.
თუ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ აქტუალური გამოწვევების კვლევაში,
შექმენით სკოლაში ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი და დაგვიკავშირდით!
საკონტაქტო ინფორმაცია 597 222 616 ; junior@tsu.ge ; skype: juniortsu