თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG
თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი - უნიკალური, მრავალმხრივი, ეფექტური 
„თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი“ - ეს, ერთი შეხედვით, პარადოქსული შინაარსის დასახელება, კარგად არის ცნობილი ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტებისათვის - ის მრავალ საინტერესო, შემეცნებით, სასწავლო პროგრამას აერთიანებს, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერი, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის, მოსწავლისათვის მისაწვდომი და უსასყიდლოა.
როგორ შეიქმნა თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი? თსუ-ის დაარსების დღიდან,  არაერთი პროფესორი, საკუთარი ინიციატივითა და საამისო გასამრჯელოს გარეშე, მუშაობდა სკოლის მოსწავლეებთან, უტარებდა სასწავლო/საგანმანათლებლო ლექციებს, ცდილობდა მეცნიერებისადმი მათი ინტერესის გაღვივებას, სხვადასხვა სახის კვლევით  საქმიანობაში ჩართვასაც კი. სწორედ ამ კეთილშობილურ ტრადიციაზე დაყრდნობით, 2007/08 წლებში,   ჩვენი ქვეყნის პირველ და უდიდეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სკოლასთან მუშაობის სისტემური   პროექტი - „თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი“ ჩამოყალიბდა, რომელიც 2011 წელს ევროპის უნივერსიტეტების საბავშვო უნივერსიტეტების გაერთიანებაში (EUCU NET – the European Children's Universities Network http://eucu.net/) გაწევრიანდა. 
EUCU NET-ის დეკლარაციაში ვკითხულობთ - უპირველესი მიზანი, რამაც ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბება განაპირობა, არის თანამედროვე, დემოკრატიული, საუნივერსიტეტო ევროპის რწმენა, რომ ყველა ბავშვს, განურჩევლად მისი ეროვნების, სარწმუნოების და სოციალური წარმომავლობისა, უნდა ჰქონდეს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა, რაც სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ცივილიზებული საზოგადოება მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი სახელმწიფოსათვის უაღრესად ფასეულ სტრატეგიულ რესურსს წარმოადგენს, დიდწილად უფრო მნიშვნელოვანს, ვიდრე წიაღისეული ან სხვა ბუნებრივი რესურსია. ხოლო სწავლის სურვილის, მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივება კი სწორედ საბავშვო უნივერსიტეტების  საქმიანობის  უშუალო ამოცანას წარმოადგენს. 
ასეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანება, ცხადია, თავისთავადაც დიდი პატივია, მით უფრო, რომ უნივერსიტეტმა ამის უფლება უკვე განხორციელებული საქმიანობით უნდა დაიმსახუროს. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ ორგანიზაციის კრედო სავსებით შეეფერება იმ ძირითად ჰუმანისტურ ფასეულობებსა და პრინციპებს, რაზედაც, დღიდან დაარსებისა, დგას თსუ. მართლაც, დღესაც, მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემებისა, თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი  ჰუმანისტური, დემოკრატიული, მერკანტილური მიდგომებისაგან თავისუფალი პროექტია.
აღსანიშნავია, რომ თსუ-საბავშვო უნივერსიტეტის საქმიანობა დღეს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ, მეტად მრავალმხრივი, მასშტაბური პროექტის წარმატება შეუძლებელი იქნებოდა თსუ-ის რექტორატისა და ადმინისტრაციის მხრიდან მხარდაჭერისა და დახმარების გარეშე.  ხოლო იმას, რომ საბავშვო უნივერსიტეტის, როგორც პროექტის, საქმიანობა მნიშვნელოვან ძალისხმევასთან არის დაკავშირებული და საკმაოდ რთულია, ისიც ადასტურებს, რომ ანალოგიური პროექტი, მიუხედავად მცდელობებისა, ვერც ერთ სხვა ქართულ უნივერსიტეტში ვერ განხორციელდა და, ამდენად, თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში სრულიად უნიკალურ მოვლენას წარმოადგენს.   
ამ პროექტის ფარგლებში, თსუ-ში, მოსწავლეებისათვის  მეცნიერების სხვადასხვა დარგებში „ნორჩთა სკოლების“ პროგრამები მიმდინარეობს - იკითხება ლექციები, ტარდება ლაბორატორული მეცადინეობები, იმართება კონფერენციები, ვიქტორინები, გასვლითი ღონისძიებები და ა.შ. 
თსუ-საბავშვო უნივერსიტეტის დევიზია - Scientia potentia est - ცოდნა ძალაა 
ამ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობენ უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერების ფაკულტეტის ენთუზიასტი პროფესორები და თანამშრომლები: გ.დვალაშვილი, ი.თავხელიძე, ხ.კახიანი,  რ.ლომსაძე, ლ.მაჭავარიანი, თ.ნადარეიშვილი, დ.ნიკოლაიშვილი, მ.რუსია, მ.რუხაძე, შ.საბაშვილი, ვ.ტრაპაიძე, ნ.შათაშვილი, დ.ძიძიგური, თ.ჭელიძე,  და სხვები; სტუდენტები: გ.აბულაძე, ლ.კანკაძე, ნ.კვიტაშვილი, გ.ლომიძე, ო.სახელაშვილი, თ.ქიმერიძე და სხვები  მონაწილეობენ. მათ დიდი ღვაწლი მიუძღვით ამ პროექტის წარმატებაში, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ.
აშკარაა, რომ დღევანდელ პირობებში, სასკოლო განათლების და განსაკუთრებით ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნის ხარისხის ასაწევად, მრავალმხრივი, კომპლექსური მიდგომა უნდა განხორციელდეს, რასაც ჩვენ, თსუ-საბავშვო უნივერსიტეტის საქმიანობში, ყოველთვის ვითვალისწინებთ. 
მოსწავლეების დიდი მოწონებით სარგებლობს „ნორჩ ასტრონომთა სკოლა“, რომელიც პლანეტარიუმში ტარდება. ამ სკოლის სალექციო კურსის მოსმენას მით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისათვის, რომ სკოლის პროგრამაში ასტრონომია სავალდებულო საგანს აღარ წარმოადგენს. სამი ლექციისაგან შემდგარი კურსი მოისმინეს მოსწავლეებმა მე-2-დან მე-12 კლასის ჩათვლით. ცხადია, რომ ლექციები მოსწავლეებისათვის გასაგები და მისაწვდომი ტერმინოლოგიისა და ლექსიკის მეშვეობით, მათი ასაკისა და საბაზისო ცოდნის მოცულობის გათვალისწინებით აიგება და უნდა ითქვას, რომ ინტერესი ამ პროგრამის მიმართ სულ უფრო იზრდება.
დიდი ყურადღება და ინტერესი გამოიწვია თსუ ი.ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის, თბილისის საერთაშორისო ცენტრის მათემატიკასა და ინფორმატიკაში და თსუ-საბავშვო უნივერსიტეტის უკანასკნელმა დიდმა ერთობლივმა პროექტმა - გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო ზამთრის სკოლა 2013-მა „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“, რომელიც 2013 წლის 08-18 იანვარს ჩატარდა (პირველი სკოლა გამოყენებით მატემატიკაში ჩატარდა 2012 წლის ივლისში).
გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო ზამთრის სკოლაში მონაწილეობის სურვილი 200-ზე მეტმა მოსწავლემ განაცხადა, რომელთაგანაც 50 მოსწავლე იქნა შერჩეული. მოსწავლეები 4 ასაკობრივ ჯგუფად დაიყვნენ. ლექციებსა და მეცადინეობებს მათ თსუ ი.ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის ღვაწლმოსილი მეცნიერები, პროფესორები, უტარებდნენ: გ.გელაძე, გ.გიორგაძე, დ.გორდეზიანი, თ.ვაშაყმაძე, ზ.კიღურაძე, თ.მეუნარგია, ხ.რუხაია, ლ.ტიბუა, ჯ.შარიქაძე, ვ.ჯიქია; თანამშრომლები, დოქტორანტები და მაგისტრანტები: ჟ.ბოლქვაძე, მ.გაგოშიძე, ი.ფ.გიულვერი, ა. და მ.კვინიკაძეები, მ.ზაუტაშვილი, მ.მამამთავრიშვილი, თ.მხეიძე,  გ.ტეფნაძე; მოწვეული პედაგოგები: ნ.ბალახაძე (ჭადრაკი), ე.დოლმაზოვა (ხატვა), ა.როინიშვილი (მუსიკა).  
სკოლა საზეიმო შეხვედრითა და სკოლის მსმენელთა მონაწილეობით გამართული კონცერტით დასრულდა.
ყოველთვის ხალისიანად და ემოციურად მიმდინარეობს ვიქტორინები გეოგრაფიაში. გამარჯვებულები კი სიამოვნებით იღებენ მონაწილეობას შემეცნებით ექსკურსიებში, რომლებსაც ასისტენტ პროფ. გ.დვალაშვილი ხელმძღვანელობს.
 მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი ძალიან აქტიურად მუშაობს რეგიონებში. ლექციები და შეხვედრები პატარა ქალაქების და სოფლების სკოლებშიც ტარდება, რასაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისათვის - ასეთი კონტაქტი მრავალი მათგანისათვის უნივერსიტეტთან,  მეცნიერებასთან, შესაძლებელია, ერთადერთი შეხება იყოს და მოსწავლეში მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვიძების კატალიზატორის როლი შეასრულოს.
უაღრესად საინტერესო იყო თსუ-საბავშვო უნივერსიტეტისა და ქ.რუსთავის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის, მ.უგულავას, ერთობლივი ინიციატივით განხორციელებული ქალაქის სკოლების სამეცნიერო კონფერენცია/კონკურსები, რომლებიც მათემატიკაში, ფიზიკაში, გეოგრაფიასა და სხვა საგნებში ჩატარდა.
ამ ბოლო დროს ჩატარებული მასშტაბური გასვლითი ღონისძიებები სტეფანწმინდაში, ამბროლაურში, ახალციხესა და ხაშურში, რომლის დროსაც ლექციები და პრეზენტაციები  არა მარტო ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა, არამედ სტუდენტებმაც წარმოადგინეს, უაღრესად შთამბეჭდავი იყო მოსწავლეებისათვის. 
გასვლითი ღონისძიებები როგორც თბილისის, ასევე რეგიონის სკოლებში თსუ-საბავშვო უნივერსიტეტის საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება თსუ-ის, როგორც ქვეყნის პირველი და მთავარი უნივერსიტეტის, პრეზენტაციას ეთმობა. ამავე მიზანს ემსახურება პროექტი „თსუ-დესპანი“, რომელიც ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანის, პროფ. რ.ბოჭორიშვილის უშუალო ხელმძღვანელობითა და ფაკულტეტის სტუდენტთა მონაწილეობით, უკვე მეორედ, ხორციელდება. 
 ამ წერილში თსუ-საბავშვო უნივერსიტეტის საქმიანობის მხოლოდ მცირე ნაწილოა წარმოდგენილი. ლექციები, ლაბორატორული მეცადინეობები, სემინარები, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მიმდინარეობს. ჩვენი მუშაობის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი მოსწავლეებში სწავლისადმი, მეცნიერებისადმი ინტერესის გაზრდას, თვალსაწიერის გაფართოებას  უწყობს ხელს, ამიტომ  მომავალში ჩვენ საქმიანობის უფრო დიდ მასშტაბს, მეტ მრავალფეროვნებას, მოსწავლეთა მეტი ჩართულობის მიღწევას ვგეგმავთ.