თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

გამომგონებელთა კლუბი

გამომგონებელთა კლუბი
8 ოქტომბერი, 2018

გინდა გახდე გამომგონებელი?
შეიძლება გამომგონებლობის სწავლა?
იცი, რა ასაკში ქმნიდნენ ცნობილი გამომგონებლები პირველ გამოგონებას?
ცნობილია, რომ პირველი გამოგონების შექმნის ასაკი, უფრო ხშირად, 10-დან 14 წლამდეა, ანუ, მე-4 კლასიდან მე-9 კლასამდე.
სწორედ ამ ასაკის მოზარდებს ვთავაზობთ, ჩაერთონ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტამენტის და თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ერთობლივ საპილოტე პროექტ - გამომგონებელთა კლუბის მუშაობაში. ეს პროექტი მეთოდოლოგიურად აერთიანებს მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის (ინგლისური აბრევიატურით - STEM) მიდგომებს და თანამედროვე განათლების ძირითად მიდგომად ყალიბდება.
გამომგონებელთა კლუბი გთავაზობთ:
გავაერთიანოთ ცოდნა, ალღო და ნიჭი, ოპტიმალურად გამოვიყენოთ საკუთარი ინტელექტი, ავითვისოთ ის მიდგომები და პრაქტიკული ხერხები, რასაც გამომგონებლები იყენებენ და შევუდგეთ ახალი რეალობის შექმნას, ანუ გამოგონებას. თანაც მარტო კი არა, არამედ - წყვილში - ასაკით უფროს მეგობართან, ბაბუასთან, მამასთან ან დედასთან, და ან ძმასთან, მასწავლებელთან ერთად.
კურსის მიმდინარეობაში წყვილი ერთად ეცნობა დასმული ამოცანის თეორიულ ნაწილს და ერთად ითვისებს მისი შესრულების პრაქტიკულ ხერხებს. კურსის მიზანია, რომ შემდგომ წყვილმა შეძლოს თვითონ დააყენოს მისთვის საინტერესო ამოცანა და ფლობდეს მისი განხორციელებისათვის საჭირო ცოდნას/ცოდნის მოპოვების გზებს და სათანადო უნარებს.
მეცადინეობის დროს განხილული იქნება თემები:
შესავალი მეცადინეობა წყვილის უფროსი წევრისათვის - STEM-ის პრინციპები და მეთოდოლოგია.
შემდეგ, წყვილის ორივე წევრს ვთავაზობთ მეცადინეობებს თემებზე:
მინდა გავხდე გამომგონებელი!
რა არის ელექტრობა?
როგორ შევქმნათ სასარგებლო ელექტრული მოწყობილობები?
რა კანონებს ემორჩილება ელექტრობა?
ჭკვიანი საგნები: მოლაპარაკე საგნები.
ჭკვიანი საგნები: ჭკვიანი სახლი.
როგორ სწავლობენ რობოტები.
ვიპოვოთ გადასაჭრელი პრობლემა.
ევრიკა! მე ამას გავაკეთებ!

მასწავლებლებისა და მშობლების საყურადღებოდ:
გამომგონებელთა კლუბის თემების დაუფლება დაეხმარება მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნების სასკოლო კურსების შესწავლაში!



რეგისტრაცია მიმდინარეობს 16 ოქტომბრის ჩათვლით! 



უკან დაბრუნება »