თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

„ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“ ზაფხულის სასწავლო-სამეცნიერო სკოლა გამოყენებით მათემატიკაში

„ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“ ზაფხულის სასწავლო-სამეცნიერო სკოლა გამოყენებით მათემატიკაში
20 მაისი, 2013
2013 წ. 1-12 ივლისი

ზოგადი ინფორმაცია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, მათემატიკასა და ინფორმატიკაში თბილისის საერთაშორისო ცენტრი და თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი ატარებენ ზაფხულის სასწავლო-სამეცნიერო სკოლას „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ,“ რომელიც გაიმართება 2013 წლის 1 – 12 ივლისს. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები მე-6-დან მე-12 კლასის ჩათვლით. მონაწილეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 40 მოსწავლეს, რომელიც დაიყოფა 4 ჯგუფად.

მიზანი: პროექტი „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“ ითვალისწინებს გააცნოს სკოლის მოსწავლეებს მათემატიკის გამოყენებითი ასპექტები, მოაწყოს შეხვედრები ცნობილ მეცნიერებთან, ჩართოს დაინტერესებული მოსწავლეები სამეცნიერო მუშაობაში შესაძლებლობის ფარგლებში. ზემოაღნიშნულის განხორციელება ნავარაუდევია არა მარტო საქართველოს, არამედ მეზობელი სახელმწიფოების მოსწავლეებისათვისაც, რაც ხელს შეუწყობს მათ შორის ადრეული ასაკიდან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას.

პროგრამა: პროგრამა შედგება 5 ნაწილისაგან: 1) მოუსმინე, 2) გაიმეორე, 3) შეისვენე, 4) ცოდნა გაუზიარე,
5) ითამაშე. თითოეული ითვალისწინებს:

1)    მოუსმინე
მეცნიერებთან შეხვედრა და მათ მიერ საჭირო ინფორმაციის გადაცემა.
2)    გაიმეორე
ჯგუფის ხელმძღვანელთან ერთად, მოსმენილი მასალის განმტკიცება თვალსაჩინო სავარჯიშოებისა და მაგალითების განხილვით.
3)    შეისვენე
პირველი ორი საათის შემდეგ; შესვენებას კვებით უზრუნველყოფს მშობელთა კომიტეტი.
4)    ცოდნა გაუზიარე
მოსმენილი მასალის ურთიერთგაზიარება და ანალიზი ხელმძღვანელისა და მეცნიერის მეთვალყურეობით.
5)    ითამაშე
ითვალისწინებს სპორტში, ხელოვნებაში და მუსიკალურ სფეროში ღონისძიებათა ჩატარებას.

გარდა ამისა, მოეწყობა ექსკურსიები სახელმწიფოს მუზეუმებში; ასევე, შესაძლებლობის ფარგლებში, ნავარაუდევია თბილისის, ჭიათურის, ქუთაისისა და ახალციხის ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერება.


ზაფხულის პროგრამა ითვალისწინებს წინასწარ შეთანხმებულ ოჯახებში ართვინიდან მოსწავლეთა მიღება- მასპინძლობას თბილისში 1-დან 5 ივლისამდე, ჭიათურაში 6-7 ივლისს.


სამუშაო დღეები საქართველოს მოქალაქეებისათვის: 1 – 12 ივლისი 2013, თბილისში.

სამუშაო დღეები თურქეთის მოქალაქეებისათვის: 1 – 5 ივლისი 2013, თბილისში; 6-7 ივლისი 2013, ჭიათურაში.

სამუშაო საათები: 12:00 – 17:00

შენიშვნა: მოსწავლეთა მიღება მოხდება განაცხადის ფორმის მიხედვით.

შევსებული და ხელმოწერილი ფორმა უნდა მოგვაწოდოთ 2013 წლის 8 მაისიდან 2013 წლის 22 მაისის ჩათვლით ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, ოთახი 233, უნივერსიტეტის ქ. 2 (თსუ მაღლივ კორპუსთან), თბილისი. სრული განაცხადის ფორმის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: informtb@gmail.com


საკონტაქტო პირები ინსტიტუტში: ჟანა ბოლქვაძე (557 66 64 51), იუსუფ ფ. გიულვერი (557 52 32 42) თსუ საბავშვო უნივერსიტეტში: მარინა ლომოური (577 24 45 24).


უკან დაბრუნება »